Fanebi.com აგრძელებს უმაღლესი ლიგის პირველი ეტაპის შეჯამებას. დღეს ჩვენი სტუმარი, საფეხბურთო კლუბი “ზუგდიდი” იქნება.
ზუგდიდელებმა პირველი ეტაპი ძალიან სუსტად ჩაატარეს და თითქმის მთელი ჩემპიონატი უკანასკნელ პოზიციაზე იმყოფებოდნენ. უკანასკნელ ტურებში გამოსწორებული თამაშის ხარჯზე კი, ერთი პოზიციით წინ წაიწიეს და ახალ წელს მეთერთმეტე ადგილზე შეხვდნენ.
სეზონის სტარზე “ზუგდიდს” სათავეში კვიპროსიდან დაბრუნებული კლიმენტი წიტაიშვილი ჩაუდგა. ახლაგაზრდა სპეციალისტის სამწვრთნელო დებიუტი წარუმატებელი გამოდგა. “ზუგდიდმა” რამოდენიმე დასამახსოვრებელი შეხვედრა ჩაატარა, თუმცა წიტაიშვილის მწვრთნელობის დროს გუნდს მხოლოდ ერთი მოგება ჰქონდა. ზუგდიდელებმა ანაკლიაში ბოლნისის “სიონს” სძლიეს (2:1).
წიტაიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ გუნდში სიტუაცია აირია და საბოლოოდ მოვლენები ისე განვითარდა, რომ წიტაიშვილი გუნდის ხელმძღვანელობაში აღმოჩნდა, გუნდის მთავარ მწვრთნელად კი გამოცდილი გიორგი დარასელია დაინიშნა.
დარასელიას ხელმძღვანელობით გამართული 5 მატჩიდან “ზუგდიდმა” 2 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 2-ჯერ დამარცხდა. საბოლოოდ პირველი წრის ბოლოს სატურნირო ცხრილის უკანასკნელ პოზიციას თავი დააღწია და გადასარჩენ ზონას მიუახლოვდა.
პირველ ეტაპზე ზუგდიდურ კლუბში ორი ეგვიპტელი თამაშობდა. 32 წლის ჯამალ ჰამზა და 30 წლის ამირ აზმი მეჰაგედი. აღსანიშნავია, რომ ეს ფეხბურთელები ზუგდიდი უხელფასოდ იმყოფებოდნენ და გუნდს ფინანსური პრობლემების დროს ეკიპირების საკითხში დაეხმარნენ.
მეორე წრისათვის მზადება “ზუგდიდმა” უკვე დაიწყო. კლუბი ძლიერდება. ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ზუგდიდური კლუბის ღირსებას დაიცავენ მეკარე მაქსიმე ქვილითაია (ტორპედო) და დავით კირკიტაძე (მეტალურგი). ასევე სინჯებზეა 22 წლის რუმინელი რობერ ვულპე, რომელიც ლატვიურ “ტაურასში” თამაშობდა.