საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის II ტურის ცენტრალური მატჩი გორში, თენზიგ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც ადგილობრივმა „დილამ“ „დინამო თბილისი“ მიიღო. მაყურებელმა დაძაბული, თუმცა სანახაობრივი თამაში იხილა. შეხვედრის მთავარი მოვლენები პირველ ტაიმში წარიმართა. აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა ნახევარმცველი გრიგოლ დოლიძე ხშირად ცენტრალური თავდამსხმელის ადგილზე ინაცვლებდა, რაც სტუმრებს გარკვეულ პრობლემებს უქმნიდა. პირველი სახიფათო ეპიზოდი მე-7 წუთზე შეიქმნა – გულვერდ თომაშვილის გრძელი პასის შემდეგ დოლიძე დარჩა მეკარესთან პრაქტიკულად ერთი ერთზე, თუმცა რიკოშეტის შედეგად დარტყმა სუსტი და არაზუსტი გამოვიდა. რამდენიმე წუთში დოლიძეს კიდევ ერთხელ მიეცა ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა, თუმცა ამჯერად გიორგი ლორიამ იხსნა საკუთარი გუნდი. მე-11 წუთზე გოლის გატანის შანსი თბილისელებსაც ჰქონდათ. მათი შეტევის მარცხენა ფლანგიდან დარკო გლიშიჩის მიერ ჩამოწოდებულ ბურთს თავი ჩისკომ შეაგება, მაგრამ ნუკრი რევიშვილის სასწაულებრივი რეაქციის შედეგად, „დილა“ გაშვებულ გოლს გადაურჩა. შეხვედრის მე-16 წუთზე ანგარიში მაინც გაიხსნა, თუმცა ბურთი თბილისელთა კარში გავიდა: გრიგოლ დოლიძემ მეტოქის საჯარიმო მოედანზე უსტარიცს წონასწორობა დააკრგვინა და მეკარესთან ერთი ერთზე მყოფს გოლის გატანა აღარ გასჭირვებია – 1:0. გატანილი გოლის შემდეგ გორელებმა სტუმრებს გარკვეული ტერიტორიული უპირატესობა დაუთმეს და თავიანთ შანსს კონტრშეტევებზე დალოდნენ. ერთ-ერთი ასეთი შეტევის დროს „დილას“ მარჯვენაფლანგელი თეიმურაზ ღონღაძე მეტოქის საჯარიმოში შევიდა და გლიშიჩთან მცირე კონტაქტის შემდეგ წაიქცა, მაგრამ მატჩის მთავარმა მსაჯმა თორნიკე გვანცელაძემ თამაშის წესის დარღვევა არ დააფიქსირა. შეხვედრის 31-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა: მარჯვენა ფრთიდან ჩისკო შევიდა მეტოქის საჯარიმოში და კარის წინ უყურადღებოდ დარჩენილი ჯაბა დვალი მოძებნა, „დინამოს“ ფორვარდმა კი დაუცველ კარში შეაგორა ბურთი. აშაკარა იყო, რომ ამ ეპიზიდოში „დილას“ დაცვა ჩავარდა, მასპინძლები მსაჯს თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირებისკენ მოუწოდებდნენ, თუმცა ზედმეტი ემოციების გამო არბიტრმა რევიშვილი გააფრთხილა. ტაიმის ბოლოს გორელებს მეორე გოლის გატანის შანსი მიეცათ: სწრაფი კონტრშეტევის გოლით დაგვირგვინებას ლოდიძე-ილურიძის დუეტი შეეცადა, მაგრამ ოდნავ მახვილი კუთხიდან „დილას“ თავდამსხმელის დარტყმული არაზუსტი გამოდგა. გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშზე გავიდნენ – 1:1.
შეხვედრის მეორე ნახევრის პირველი სახიფათო მომენტი 53-ე წუთზე შეიქმნა, როცა თანაგუნდელის გადაცემის შემდეგ, დვალი ერთი მოძრაობით წინ გამოსულ რევიშვილს გასცდა და კარში დარტყა, თუმცა მეკარისგან დაუცველი კარი გიორგი გურულმა დაიცვა. მეორე ტაიმის შუაწელს ფეხბურთელებს დაღლა დაეტყოთ და შესაბამისად, სათამაშო ტემპიც დაეცა. მატჩის ბოლოს შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ სტუმრები საყაიმო ანგარიშზე ყაბულს იყვნენ. 84-ე წუთზე ლაშა გვალიას შორი მანძილიდან „გასროლილს“ მცირედით მიმართულება ნახტომში ლორიამ შეუცვალა და ბურთიც კარის ხარიხას მოხვდა. კიდევ ერთი ეპიზოდი დავით ბოლქვაძეს ჰქონდა, თუმცა მის მიერ დარტყმული ბურთი „დინამოს“ მეკარემ ამჯერადაც მოიგერია. საბოლოო ჯამში, მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. გუნდებს II ტურის შემდეგ აქტივში 4-4 ქულა აქვთ. ორივე გუნდი მომდევნო შეხვედრას ხუთშაბათს, ევროპის ლიგის პლეი-ოფში გამართავს.
უმაღლესი ლიგა
II ტური
„დილა“-დინამო თბილისი“ 1:1
„დილა“: რევიშვილი, ღონღაძე, კვახაძე, ხიზანეიშვილი, თომაშვილი, ალადაშვილი (ბოლქვაძე 73′), გვალია (გაბაშვილი 85′), მაისურაძე (გორელიშვილი 69′), გურული, ილურიძე, დოლიძე.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი.
„დინამო თბილისი“: ლორია, უსტარიცი, კვარაცხელია, ხმალაძე, მერებაშვილი (კვირკველია 83′), ხურცილავა, პაპავა, გრიგალაშვილი, ჩისკო (ვუო 88′), გლიშიჩი, დვალი (გოგა 68′)
მთავარი მწვრთნელი: დუშან უჰრინი.
გოლები: დოლიძე 16′ – დვალი 31′.
გაფრთხილებები: რევიშვილი 31′, ალადაშვილი 57′ – კვარაცხელია 43′, მერებაშვილი 64′.
მთავარი მსაჯი: თორნიკე გვანცელაძე (სამტრედია).
ბექა დოგრაშვილი
Comments