დღეს საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის II ტურის 4 მატჩი შედგება. ტურის ცენტრალური შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება, სადაც ადგილობრივი „დილა“ „დინამო თბილისს“ უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ პირველი ტურის შემდეგ ორივე გუნდს 3 ქულა აქვს. „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა აღნიშნა, რომ გუნდის განაცხადში გარკვეული ცვლილებები იქნება.
„კარგ თამაშსა და ბევრ გულშემატკივარს ველოდები. ჩვენ ვიბრძოლებთ და ვეცდებით, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ. ახლა მხოლოდ „დილასთან“ გასამართ მატჩზე ვფიქრობთ და არა „ტოტენჰემზე“, რომელსაც ხუთ დღეში ვეთამაშებით. შემადგენლობაში ცვლილებები ნამდვილად იქნება, თუმცა ახლა ამას ვერ გეტყვით“, – განაცხადა უჰრინმა.
„ორივე გუნდს ევროპის ლიგის პლეი-ოფი გვაქვს სათამაშო. 22-მდე ცოტა დრო არის, მაგრამ ეროვნული ჩემპიონატის მოგებისთვის ვიბრძვით და ყველაფერს ვიზამთ იმისთვის, რომ „დილასთან“ გასამართი მატჩი მოვიგოთ. ყველა შეხვედრაში მოსაგებად ვიბრძვით“, – აღნიშნა ჯაბა დვალმა.
გუნდთან ერთად ვარჯიშობს ირაკლი ძარიაც, რომელსაც ტრავმის გამო რამდენიმე კვირა გაუცდა.
„ათი დღის განმავლობაში ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი ფიზმომზადების მწვრთნელთან, მოსამზადებელმა პერიოდმა კარგად ჩაიარა. ორი დღეა, რაც გუნდს შევუერთდი. რაც შეეხება „დილასთან“ გასამართ მატჩს, ვთვლი, რომ სათამაშოდ მზად ვარ, თუმცა ყველაფერი მწვრთნელის გადასაწყვეტია“, – ამბობს ძარია.
მატჩი 17:00 საათზე აიღებს სტარტს და მას პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ. შეხვედრას თორნიკე გვანცელაძე (სამტრედია) განსჯის.
ბექა დოგრაშვილი
Comments