გასულ სეზონში ქუთაისის „ტორპედოს“ საუკეთესო ბომბარდირი ნიკა საბანაძე ტრავმის გამო გაცდენილი ორ თვენახევრის შემდეგ მოედანს უბრუნდება. 22 წლის თავდამსხმელმა ქუთაისელთა პირველი უცხოური შეკრება გამოტოვა, თურქულ შეკრებას კი აღარ დააკლდება. იგი ჯერ-ჯერობით ინდივიდუალურად ემზადება, მალე კი გუნდთან ერთადაც დაიწყებს ვარჯიშს. გთავაზობთ ჩვენი გუნდის მე-8 ნომრის კომენტარს.
ნიკა საბანაძე: „თითქმის ბოლომდე მორჩენილი ვარ, უბრალოდ, ბუნებრივია, ცოტა შიშები ჯერ კიდე მაქვს და მალე ისიც გამიქრება. ამჟამად ფიზმომზადების მწვრთნელ ალბერტო ბეროკალთან ერთად ინდივიდუალურად ვვარჯიშობ და ალბათ, 1 კვირაში უკვე სრული დატვირთვის მიღებასაც შევძლებ. სავარაუდოდ, თურქეთში გასამართ მეორე ან მესამე საკონტროლო მატჩშიც ვითამაშებ, მინდა, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე ერთ თამაშში მონაწილეობით მაინც აღვიდგინო ფორმა.
გულნატკენი ვარ, რომ წინა სეზონში გუნდს იმ დროს გამოვაკლდი, როცა ყველაზე მეტად ვჭირდებოდი. ასევე, ევროპის ლიგაზეც ვერ დავეხმარე, მაგრამ მოხარული ვარ, რომ უკვე დავბრუნდი და ჩემპიონატის სტარტისთვის ბოლომდე მზად ვიქნები. ვფიქრობ, ძალიან გაგვიჭირდება დამდეგ სეზონში, რადგან ბევრი ახალი ფეხბურთელი გვყავს, მაგრამ იმედია, რაც შეიძლება მალე მოვახერხებთ ერთმანეთთან შეთამაშებას. ყველანაირად ვეცდები, რომ იმ ხალხს, ვისაც ჩემი იმედი აქვს, დავუმტკიცო, რომ ტყუილად არ აქვთ ეს იმედი“.
FCTorpedo.GE
Comments