22 ივლისს გამთენიისას „დილა“ საპასუხო მტჩისთვის დანიაში, კერძოდ კი ქ. ოლბორგში გაემგზავრა. მოგეხსენებათ, პირველი მატჩი თბილისში „დილას“ გამარჯვებით 3:0 დასრულდა. საპასუხო შეხვედრა ქ. ოლბორგში სტადიონ „ნორდისკე არენაზე“ ჩვენი დროით 22:15 წთ.-ზე შედგება.
გუნდი ქალაქის მახლობლად მდებარე სასტუმრო „Comwell Rebild Bakker”-ში დაბინავდა.
დანიაში მატჩს პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი რობერტ მალეკი იქნება.
გიორგი დევდარიანმა განმეორებითი მატჩისთვის შემდეგი ფეხბურთელები იახლა:
რევიშვილი, შეყრილაძე, ალადაშვილი, გურული, თომაშვილი, ხიზანეიშვილი, ღონღაძე, სადაღაშვილი, კობახიძე, გვალია, გაბარაევი, ბოლქვაძე, დოლიძე, გორელიშვილი, აბურჯანია, ილურიძე, მოდებაძე, ალექსიძე.
გამგზავრების წინ მთავარ მწვრთნელს და რამოდენიმე ფეხბურთელს მომავალ მატჩთან დაკავშირებით, ჩვენი ვებ-გვერდისთვის მცირე კომენტარი ჩამოვართვით:
გიორგი დევდარიანი: „მომავალ დაპირისპირებაში ველოდებით ბრძოლას. ვიცით რომ შეგვიტევენ, ექნებათ გულშემატკივართა მხრიდან მხარდაჭერა და ამისთვის ჩვენ მზად ვართ.“
ნუკრი რევიშვილი: „თბილისის მატჩთან განსხვავებით აბსოლუტურად სხვა დაპირისპირება გველის. წარმომიდგენია როგორ შემოგვიტევენ პირველივე წუთებიდან. საწყის წუთებში უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ვფიქრობ, ჩვენთვის ყველაფერი კარგად დასრულდება.“
კახაბერ ალადაშვილი: „ძალიან რთული თამაში გველოდება და ყველაფერს გავაკეთებთ რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეთ. პირველი თამაშის შედეგიდან გამომდინარე აუცილებლად უნდა დავძლიოთ ეს ბარიერი.“
გიორგი გურული: „იქ აბსოლუტურად სხვა თამაშს ველით. პირველი შეხვედრის ანგარიში რათქმაუნდა მისაღებია, მაგრამ იქაც ისეთი მობილიზებით გვმართებს მატჩის ჩატარება, როგორც თბილისურ დაპირისპირებაში ვაჩვენეთ. ვფიქრობთ, დასახულ ამოცანას მივაღწევთ“
FCDila.GE
Comments