ქუთაისის “ტორპედო” ფინანსური კრიზისის გამო, შესაძლოა, რეგიონლიგაში დაქვეითდეს. თბილისის “დინამომ” ამ მოცემულობით მეტ-ნაკლებად ისარგებლა და “ტორპედოს” მთავარ მწვრთნელსა, კახა ჩხეტიანსა და მის ასისტენტს, შალვა ღონღაძეს კონტრაქტი გაუფორმა. ასევე, დღეს ოფიციალურად დადასტურდა “ტორპედოს” კაპიტნის, როინ კვასხვაძის ტრანსფერიც.
საინტერესოა, რამდენი ფეხბურთელი გადავიდა “ტორპედოდან” “დინამოში” ბოლო 1 წელიწადში და რა წვლილი შეიტანეს ამ ფეხბურთელებმა თბილისელთა ჩემპიონობაში.
სეზონის დასაწყისში “დინამომ” გიორგი კუხიანიძე და ლევან კუტალია დაიმატა. ქუთათურებმა ორივე მათგანს შესთავაზეს ხელშეკრულების გახანგრძლივება, თუმცა მათ დედაქალაქში გადასვლა ისურვეს. კუხიანიძემ 23 თამაშში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი და 3 საგოლე პასი შეასრულა ელიგაში. კუტალია კი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 20 გოლით.
სეზონის მე-2 ნახევარში, როცა “ტორპედოს” კრიზისი მეტად შეეტყო, “დინამოში” გიორგი ქიმაძე და ნოდარ ქავთარაძე გადავიდნენ. ქიმამ და ქავთარამაც “დიდი წვლილი შეიტანეს გამარჯვებაში. 4-დან 2 მოთამაშე ნაკრების გაფართოებული შემადგენლობის კანდიდატებადაც მოიაზრებიან.
ბოლო 1 წელიწადში “ტორპედოს” 5 ფეხბურთელი და 2 მწვრთნელი გადავიდა “დინამოში” – როინ კვასხვაძე, გიორგი ქიმაძე, ლევან კუტალია, ნოდარ ქავთარაძე, გიორგი კუხიანიძე, კახა ჩხეტიანი და შალვა ღონღაძე.