Fanebi.Com-ი საჩხერის „ჩიხურას“ 21 წლის თავდამსხმელს ბესიკ დეკანოიძეს გაესაუბრა.
- გამარჯობა, ბატონო ბესიკ, პირველი წრის შემდგომ „ჩიხურა“ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე პოზიციაზეა და მიმდინარე გათამაშების ერთპირონულ ლიდერ „დინამოს“ შვიდი ქულით ჩამორჩება. ხართ თუ არა კმაყოფილი აღნიშნული შედეგით ?
- გამარჯობა, მივესალმები თქვენს ერთგულ მომხმარებლებს. რათქმაუნდა შედეგით კმაყოფილი ვარ, „ჩიხურა“ უდაოდ კარგ სეზონს ატარებს. თუმცა ვფიქრობ ჯერ ყველაფერი წინაა, მეორე წრეში გადაწყდება ყველაფერი.
- „ჩიხურას“ მთავარი მიზანი რა არის, აქვს თუ არა გუნდს ევროტურნირზე გასვლისა და შემდგომი წარმატების ამბიცია?
ევროტურნირებზე ასპარეზობა ჩვენი მოვალეობაა, რომელიც გულშემატკივრების წინაშე გვაქვს აღებული. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ იმაზე უკეთ გამოვიჩინოთ თავი ვიდრე ეს შარშან მოვახერხეთ.
- უკვე ერთი კვირაა რაც ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა, ელით თუ არა გუნდში მნიშვნელოვან ცვლილებებს?
- ალბათ, როგორც ყველა გუნდში, ჩვენთანაც იქნება ცვლილებები. მოხარული ვიქნები, თუ გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდება. წინ ბევრი დაძაბული და რთული მატჩი გველის, შემადგენლობის გაძლიერება ნამდვილად არ გვაწყენდა.
- და ბოლოს, 2 მარტს მნიშვნელოვანი და ამავდროულად პრინციპული დაპირისპირება გელით. საჩხერის ცენტრალურ არენაზე თბილისის „დინამოს“ მასპინძლობთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ მატჩამდე წინ დიდი დროა, საინტერესოა თქვენი როგორც გუნდის ერთ-ერთი ლიდერის მოლოდინი აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით?
- „დინამოსთან“ თამაში საჩხერეში გვიწევს, რაც ორმაგად საპასუხისმგებლოა. ვეცდებით ჩვენს გულშემატკივრებს იმედები არ გაუცრუოთ, ამისათვის კი თავდაუზოგავი შემართება და ბრძოლაა საჭირო. მიმდინარე სეზონში ჩვენი მთაავარი მიზანი ჩემპიონობაა, აქედან გამომდინარე ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია.
რაულ პაპბა