
საფეხბურთო კლუბი “საბურთალო”, რომელიც ახალი სეზონისთვის მზადებას დღეიდან შეუდგა, შეკრებები დაგეგმა – გადაწყვეტილია, რომ ქალაქელები თურქეთის ქალაქ სიდეში 2 მოსამზადებელ ციკლს გაივლიან.
პირველ შეკრებაზე გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 17-30 იანვრის ჩათვლით მოემზადება. დაგეგმილია ამხანაგური შეხვედრები პლოვდივის “ბოტევთან”, რუმინეთის “კონკორდიასთან”, ხოლო მესამე მეტოქის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. რაც შეეხება მეორე შეკრებას, 3-18 თებერვლის ჩათვლით კლუბი ამჯერადაც ქალაქ სიდეში გაემგზავრება და “სასტუმრო “სენსე”-ში დაბინავდება.
თბილისელები მეორე შეკრებაზე 4 საკონტროლო მატჩს გამართავენ.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს საბურთალოელებმა შეკრებები სწორედ ქალაქ სიდეში გაიარეს, სადაც საუკეთესო პირობებია მოსამზადებლად.