ხვალ, 21 სექტემბერს, ზღვისპირას მდებარე განმუხურის ცენტრალურ სტადიონზე ქუთაისის „ტორპედო“ ზუგდიდის „ზუგდიდთან“ გამართავს ეროვნული ჩემპიონატის მე-6 ტურის შეხვედრას, რომელიც 16:00 საათზე დაიწყება.
ჩვენმა მომდევნო მეტოქემ ეროვნული პირველობის გასულ 5 ტურში 4 ქულის მოგროვება: საშინაო კედლებში ბოლნისის „სიონის“ დამარცხებითა(2:1) და თბილისის „ვიტ ჯორჯიასთან“ ნათამაშები ფრით(0:0) შეძლო და ამჟამად, სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა პოზიციას იკავებს. დანარჩენი 3 მატჩი კი შინ საჩხერის „ჩიხურასთან“(1:3) და სტუმრად მარტვილის „მერანთან“(0:2) და თბილისის „დინამოსთან“(0:3) წააგო. ზუგდიდელებმა ეროვნული თასის მეთექვსმეტედფინალში, ბევრისთვის მოულოდნელად თანარეგიონელ ხობის „კოლხეთს“ ვერ აჯობეს და განმეორებითი მატჩის დამატებით დროში გაშვებული გოლით გათამაშებას დაემშვიდობნენ.
ზუგდიდურ გუნდს 34 წლის კობა წიტაიშვილი თავკაცობს, რომელმაც მიმდინარე სეზონის წინ დაიკავა მთავარი მწვრთნელის პოსტი. „ზუგდიდში“ ახალი ფეხბურთელებიც გამოჩნდნენ, ესენი არიან: დათა რიგვავა(„ტორპედოდან“), ზურაბ მამალაძე(„ზესტაფონიდან“), გიორგი პაჭკორია(„გაგრადან“), კონსტანტინე ახალაია(„სასკოდან“), დავით კეკელიძე(„სამტრედიადან“), ბაქარ მირცხულავა(კიშინიოვის „ზიმბრუდან“, იგი „ტორპედოსთან“ დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს). რამდენიმე დღის წინ კი გუნდში ეგვიპტელი ლეგიონერები ჩაირიცხნენ: ნახევარმცველი ამირ მეგაჰედი და თავდამსხმელი ჯამალ ჰამზა ბოლოს, ეგვიპტის ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობდნენ.
სტატისტიკის შესახებ – ეროვნული ჩემპიონატების ჩატარების დღიდან, ქუთაისური გუნდები(„ქუთაისი“ და „ტორპედო“) ზუგდიდელებთან („ოდიში“, „დინამო“, „ბაია“, „ზუგდიდი“) სულ 32 მატჩში არიან შენახვედრი. აქედან 31-ჯერ უმაღლეს ლიგაში ასპარეზობისას, ერთხელ კი – ეროვნულ თასზე. ამ მატჩების საერთო ბალანსი ასეთია: ჩვენმა გუნდმა 17 შეხვედრა მოიგო, 8 წააგო, ფრედ კი 7-ჯერ ითამაშა. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდებაც ქუთათურთა სასარგებლოდაა – 64:46.
ურთიერთშეხვედრების ისტორიაში, ყველაზე სოლიდური ანგარიშით ქუთაისელებმა ზუგდიდური გუნდი ორჯერ დაამარცხეს – 4:1, მათ შორის ბოლო დაპირისპირებაშიც, რომელიც განმუხურში შედგა. რაც შეეხება უდიდესი ანგარიშით წაგებას, ასეთი მარცხი 1996 წელს განვიცადეთ მაშინდელ ს/კ „ოდიშთან“ – 0:5.
ბოლოს, გთავაზობთ ზუგდიდელთა წინააღმდეგ“ტორპედოს“ მიერ გატანილი გოლებიდან თითოეულ ავტორზე არსებულ მონაცემს.
8 გოლი – მიხეილ აშვეთია
6 გოლი – დავით ჯანაშია
5 გოლი – მამუკა ხუნდაძე
4 გოლი – ზურაბ იონანიძე, ნიკა საბანაძე
3 გოლი – ზაზა ვაჩიბერაძე, გიორგი მეგრელაძე
2 გოლი – კახა კვეტენაძე, მერაბ მეგრელაძე, ლევან ქებაძე, რევაზ გოცირიძე
1 გოლი – ვასილ შენგელია, მამუკა მანაგაძე, თემურ ფაიქიძე, გოჩა ბრეგვაძე, ემზარ ხურცილავა, ოთარ თუთბერიძე(საკ. კარში), დავით ჩხეტია, გიორგი დარასელია, ხვიჩა ხართიშვილი, დავით ნოზაძე, გიორგი სუხიაშვილი, ირაკლი გიორგობიანი, გიორგი შენგელია, კონსტანტინე მეტრეველი, ვახტანგ კვარაცხელია, თორნიკე თარხნიშვილი, დავით გამეზარდაშვილი, ბექა ტუღუში, ელგუჯა გრიგალაშვილი, ბექა ტუღუში, ნიკა ფირცხალავა, მამია გავაშელიშვილი, გრიგოლ დოლიძე.
FCDinamo.GE
Comments