17 სექტემბერს საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-3 ტურის გამოტოვებული 2 მატჩი გაიმართა. ქუთაისის ცენტრალურ საფეხბურთო არენაზე „ტორპედომ“ გორის „დილას“ უმასპინძლა.
შეხვედრის დაწყებამდე „ტორპედოს“ ფეხბურთელები მოედანზე 2-ნომრიანი მაისურებით წარსდგნენ პუბლიკის წინაშე, წარწერით – „ვაჟა, შენს გვერდით ვართ!“, ამით, ტორპედოელებმა თანაგუნდელ ვაჟა ტაბატაძეს გამოუცხადეს სოლოდარობა, რომლის ტრავმა, სამწუხაროდ, სერიოზული აღმოჩნდა(აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალურად მოგვიანებით გაცნობებთ). ასევე, თავიანთ ტრიბუნასთან ტაბატაძის მხარდამჭერი ბანერი გამოფინეს „ტორპედოს“ ქომაგთა კლუბის წევრებმაც, ისინი თამაშის მსვლელობისას აქტიური შეძახილებით ჩვენი გუნდის მე-2 ნომრის გვარსაც სკანდირებდნენ.
თამაში საშუალოდ ტემპში და მასპინძელთა ბურთთან დომინირებით დაიწყო. მე-2 წუთზე, საბანაძემ დაბალი ტრაექტორიით დაარტყა კარის კუთხისკენ მეტოქის საჯარიმოს გარედან, რევიშვილმა კუთხურზე მოიგერია ბურთი. მე-16 წუთზე, გორელიშვილის დარტყმული ბურთის დაუფლება ქვილითაიამ უპრობლემოდ შეძლო. მე-18 წუთზე, გიგაურმა ერთ-ერთი დილელის გადაცემა ჩაჭრა და დაახლოებით 35 მეტრიდან სახიფათოდ, მაგრამ არაზუსტად გაისროლა. მე-20 წუთზე, სტუმართა მეკარემ ამჯერად ჯიქიას დარტყმული ბურთი გამოაგდო. „ტორპედო“ ხშირად აწუხებდა მოწინააღმდეგის დაცვას, გორელები კი კონტრშეტევებით ცდილობდნენ დაწინაურებას. 39-ე წუთზე, ბოლქვაძემ საკმაოდ კარგი პოზიციიდან ააცილა კარს ბურთი. 44-ე წუთზე კი „ტორპედოს“ კარიდან სამიოდე მეტრში მყოფი მოდებაძის თავური დარტყმით “ტორპედოს” იუბილარმა მეკარემ საოცარი რეაქცია გამოავლინა და კუთხურზე გადააგდო ბურთი. პირველი ტაიმი მას შემდეგ დასრულდა უგოლოდ, რაც კაპანაძემ ვერ გაარტყა მიზანში.
მეორე ტაიმის დასაწყისში „ტორპედომ“ 15-წუთიანი შტურმი მოუწყო „დილას“, თუმცა რეალური საგოლე მომენტის შექმნამდე საქმე არ მისულა. რაც უფრო იწურებოდა მატჩისთვის განკუთვნილი დრო, მით უფრო მატულობდა დაძაბულობაც. 65-ე წუთზე, საბანაძემ კარგად შეიგდო ბურთი საჯარიმოში, დარტყმა კი ისეთი არ გამოუვიდა, როგორიც მას უნდოდა… მასპინძელთა უპირატესობა კვლავ თვალსაჩინო იყო ბურთის ფლობაში. მატჩის ბედის გადაწყვეტა მოედანზე შეცვლაზე შესულ ახვლედიანს შეეძლო, რომელმაც ქუთაისელთა სწრაფი კონტრიერიში 16-17 მეტრიდან დარტყმით მცირედიდ არაზუსტად დააბოლოვა. გამოსარჩევია გორელთა ერთი ხიფათიც, გურულის ძლიერი დარტყმით ბურთს ქვილითაია გადაეფარა. ჩვენს გუნდი გოლის გატანასთან მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროშიც იყო ახლოს, უბილავას ჩაწოდებულ ბურთზე საბანაძე თამაშობდა ფეხით ვარდნაში, თუმცა რევიშვილმა გადაარჩინა მისი გუნდი. საბოლოოდ, ანგარიში გაუხსნელი დარჩა და ამ ფრით(0:0) „ტორპედომ“ ლიდერობა შეინარჩუნა.
FCTorpedo.GE
Comments