
საქართველოს ეროვნული ნაკრები იანვარში ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. ვლადიმერ ვაისმა ამ მატჩებისთვის თბილისის “დინამოდან” 3 ფეხბურთელს უხმო.
პირველი მათგანი ბაჩანა არაბულია. 23 წლის შემტევს კარგი სეზონი ჰქონდა და საქართველოს ჩემპიონიც გახდა. არაბულს ახალგაზრდულ ნაკრებებში უთამაშია, თუმცა ძირითადი გუნდის ფორმა არასდროს მოურგია.
მეორე სპორტსმენი ოთარ კიტეიშვილია. იგი ერთხელ იყო გამოძახებული ვაისის ფორმაციის ნაკრებში, თუმცა არ მისცემია თავის გამოჩენის საშუალება.
რაც შეეხება მესამე “დინამოელს”, ეს საბა ლობჟანიძეა. 22 წლის შემტევი ახალგაზრდულ ნაკრებებში გამოუძახიათ, თუმცა ძირითად გუნდში შანსი არ მიეცა.
ეროვნული გუნდი 16 იანვარს თბილისში შეიკრიბება. ქართველები 23 და 25 იანვარს დუბაიში ორ ამხანაგურ მატჩს უზბეკეთისა და იორდანიის წინააღმდეგ ჩაატარებენ.