
დღეს სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს ჩემპიონატის პირველი ფინალური მატჩი გაიმართა. ერთმანეთს “სამტრედია” და საჩხერის “ჩიხურა” დაუპირისპირდა.
შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა. პირველ ტაიმში მასპინძელთა ერთ-ერთმა ლიდერმა, ბუდუ ზივზივაძემ მე-18 წუთზე გახსნა ანგარიში. მე-40 წუთზე ისევ იმავე ფეხბურთელმა ორამდე გაზარდა სხვაობა.
მეორე ნახევარმა “ჩიხურელთა” უპირატესობით ჩაიარა. იმერლები ცდილობდნენ, ერთი ბურთი მაინც გაექვითათ და განმეორებითი მატჩის წინ შედარებით კომფორტულ მდგომარეობაში ყოფილიყვნენ. თუმცა, საბოლოოდ აღარაფერი შეცვლილა და პირველი დაპირისპირება, ანგარიშით, 2:0 დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ მეორე მატჩი 11 დეკემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.