
დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ საჩხერის “ჩიხურას” კიდევ ერთი ფეხბურთელი შეემატა. ამჯერად იმერული გუნდის რიგებში 24 წლის მოთამაშე, ლაშა გვალია ჩაირიცხა. ნახევარმცველი აქამდე “სიონის” ღირსებას იცავდა.
Fanebi.Com-ი დაუკავშირდა გვალიას და მას ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება სთხოვა.
“პირველ რიგში, მადლობა ყველას მოლოცვისთვის. გეტყვით, რომ ამ ზაფხულზე მქონდა შემოთავაზება რუსეთიდან. კონკრეტულად, “მორდოვიას” ხელმძღვანელობა მთავაზობდა მათი გუნდის ფორმის მორგებას, მაგრამ სავიზო პრობლემების გამო ტრანსფერი არ შედგა. ასეთი სახის დაბრკოლება ადრეც შემექმნა. საბოლოოდ, წამოვედი საჩხერულ გუნდში, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ეროვნულ ჩემპიონატში.”
“სოსო ფრუიძემ სერიოზული კონტიგენტი შეკრიბა. ამ კლუბს ძალიან დიდი რესურსი აქვს. თითქმის, ყველა მოთამაშე გამოცდილია და შევეცდებით, რომ მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ; თუნდაც ამ მიზანს ჩემპიონობა ერქვას! ცდას არ დავაკლებთ, დანარჩენი გამოჩნდება,” – განაცხადა გვალიამ.