
Fanebi.com უმაღლესი ლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ ტრადიციულად გუნდების ასპარეზობის შეჯამებას გთავაზობთ. ამჯერად, საუბარი გორის “დილაზე” გვექნება.
“დილამ” ჩეპმიონატის დაწყებამდე დიდი ინტერესი პირველი რიგში მთავარი მწვრთნელის გამო მიიპრყო. უმაღლესი ლიგის კლუბის თავკაცად 25 წლის სპეციალისტი, უჩა სოსიაშვილი დაინიშნა, რომელმაც საბოლოოდ საკმაოდ კარგი შედეგიც მოუტანა გორულ კლუბს.
ჩემპიონატი “დილამ” ცხინავალის “სპარტაკის” დამარცხებით დაიწყო, თუმცა პირველ ნაწილში გორელები სტაბილურობის ნაკლებობას განიცდიდნენ და კარგად ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ქულებს მოულოდნელად კარგავდნენ.
მეშვიდე ტურიდან კი გორელებმა ქულების მოპოვება აქტიურად დაიწყეს. თბილისის “დინამოსთან” ნულოვანი ფრის შემდეგ ჩემპიონატის დარჩენილი ნაწილი სოსიაშვილის გუნდმა დაუმარცხებლად განვლო. რა თქმა უნდა თუ ქობულეთის “შუქურასთან” ტექნიკურ 0:3-ს არ ჩავთვლით, მაგრამ ეს სხვა ამბავია…
“დილა” საქართველოს თასზეც აგრძელებს ასპარეზობას. პირველ ეტაპზე “ლოკომოტივის” ძლევის შემდეგ გორელებმა ფოთის “კოლხეთის” ბარიერიც გადალახეს და 1/4-ფინალის საგზური მოიპოვეს, სადაც ურთიერთობას თბილისის “დინამოსთან” გაარკვევენ.
პირველ ეტაპზე გუნდი გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთლების საკმაოდ კარგ სინთეზს წარმოადგენდა. “დილას” გამოკვეთილი ლიდერი კი მისი კაპიტნი, ირაკლი მოდებაძე გახლდათ, რომელმაც უმაღლესი ლიგის პირველ წრეში 14 შეხვედრაში თავი 8 გატანილი გოლით გამოიჩინა.
“დილამ” მეორე ეტაპისთვის მზადება უკვე დაიწყო და მალე შეკრებაზე თურქეთშიც გაემგზავრება. გორელთა შემადგენლობა უმაღლეს ლიგაში კარგად ნაცნობმა სახეებმა გააძლიერეს. მათ შორის არიან მეკარე ომარ მიგინეიშვილი და მცველი გიორგი ხიდეშელი.