გორის “დილაში” ფინანსური კრიზისი გრძელდება. კლუბს ფეხბურთელების სამი თვის სახელფასო დავალიანება აქვს გასასტუმრებელი.
მოგეხსენებათ, “დილას” ეროვნული ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის მეორე პოზიცია აქვს დაკავებული, თუმცა გუნდი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია. სეზონი 18 მაისს სრულდება, ფეხბურთელებმა კი ამ დრომდე არ იციან, დარჩებიან თუ არა კლუბში.
“დავალიანებამ თითქმის სამთვიან პერიოდს მიაღწია და არ ვიცით, რა იქნება მომავალში. შეკრება იყო, სადაც დაგვაიმედეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ახლა კლუბის ხელმძღვანელობასთან ველით შეხვედრას. ვნახოთ, რას გვეტყვიან”, – განაცხადა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას “დილას” მცველმა დავით კვირკველიამ.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენატრი კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ვალდას ივანაუსკასმაც გააკეთა.
“არაერთ ქვეყანასა და გუნდში მიმუშავია, თუმცა ასეთი რამ არსად მინახავს. ძალზედ ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს. მათ ჩემი ძალიან კარგად ესმით და ვხედავ, რომ “დილას” ბევრის მიღწევა შეუძლია, თუმცა ასეთი მდგომარეობის შემყურე არ ვიცი, როგორი იქნება გუნდის მომავალი. “დილა” მეტ ყურადღებას იმსახურებს. ფეხბურთელებისთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის”, – აღნიშნა გორული კლუბის ლიტველმა დამრიგებელმა.
Comments