
1 ოქტომბერს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის განმეორებითი 1/16 ფინალური მატჩები გაიმართა. ქუთაისის „ცენტრალურზე“ საფეხბურთო კლუბმა „ტორპედომ“ ხარაგაულის „ჩხერიმელას“ უმასპინძლა.
მიუხედავად იმისა, რომ გუნდების პირველი ურთიერთშეხვედრა ქუთაისელებს ჰქონდათ მოგებული, რა გასაკვირია, რომ „ტორპედო“ ამჯერადაც გასამარჯვებლად იყო შემართული. რევაზ ძოძუაშვილმა დღეს ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა. უნდა ითქვას დებიუტანტებზეც, რომლებმაც „ოფიციალურში“ პირველად იასპარეზეს რიონოსპირელთა რიგებში: შეუცვლელად ითამაშა მეკარე საბა ცაბუტაშვილმა, ხოლო მეორე ტაიმში შევიდნენ მოედანზე: ლევან შენგელია, გურამ თედიაშვილი და გივი დუდუჩავა. გუნდების დონეებს შორის სხვაობა მატჩის დებიუტშივე გახდა შესამჩნევი. თავიდან, ანგარიში მხოლოდ ჩვენი გუნდის სასარგებლოდ იცვლებოდა: მე-5 წუთზე, ბენაშვილის პასით ნიკო კვასხვაძემ გაიტანა, მე-16-ზე თენგიზ ჩიკვილაძემ გაახვია ბურთი ბადეში უძლიერესი შორეული დარტყმით, 34-ე წუთზე კი ტაბატაძის პასით გოგი ფიფიამ „ტორპედოს“ ოფიციალურ მატჩებში გახსნა საკუთარი გოლების ანგარიში – 3:0. ბუნებრივია, ქუთაისელთა ასეთი უპირატესობა არანაირ კითხვის ნიშნებს აღარ ტოვებდა.
ტაიმებს შორის შესვენების შემდეგ სტუმრები ოდნავ გააქტიურდნენ, ამას 59-ე წუთზე ერთი საპასუხო გოლი მოჰყვა, რომელიც თავური დარტყმით ლაშა გაბრიჭიძემ გაიტანა – 3:1, თუმცა 68-ე წუთზე გოგი ფიფიამ საჯარიმოს გარედან ტექნიკური დარტყმით ისევ სამბურთიანი გახადა ანგარიშის სხვაობა – 4:1. ეს ციფრები დიდხანს არ ყოფილა ძალაში, აქედან სამ წუთში ირაკლი გვეტაძემაც მოახერხა კარის აღება – 4:2. 76-ე წუთზე კი გოგი ფიფიამ კიდევ ერთხელ დალაშქრა მეტოქის კარი და ჰეთ თრიკიც შეასრულა – 5:2. გოლების გარდა შეხვედრა გაცუდებული საგოლე მომენტებითაც იყო დახუნძლული. ამრიგად, „ტორპედომ“ ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 6:2 დაამარცხა „ჩხერიმელა“ და თასის გათამაშების დაგეგმილი 1/8 ფინალის საგზურიც უპრობლემოდ მიიღო.
FCTorpedo.Ge